სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მესამე კორპუსში შეიჭრნენ და კანცელარიის თანამშრომლებს, ასევე სხვა მინისტრებს მოუწოდეს, ფაშინიანს მხარი არ დაუჭირონ. ისინი სთხოვენ პოლიტიკოსებს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობა არ მიიღონ.
მომიტინგეები სკანდირებდნენ: "სომხეთი ნიკოლის გარეშე!", "ხალხი, ჯარი, გამარჯვება". მოგვიანებით მათ ადმინისტრაციის შენობა დატოვეს.
ცნობისთვის, სომხეთში ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები და ბარიკადები გაშალეს და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან ათევენ. მათი უცვლელი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში.